English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘
აკადემიკოსი როინ მეტრეველი - 80

მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერი და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწე,

აკადემიკოსი როინ მეტრეველი 80 წლისაა

  აკადემიკოსი როინ მეტრეველი დიდ ქართველ ისტორიკოსთა ღირსეული მემკვიდრე და   თანამედროვეობის გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც საქართველოს მდიდარი ისტორიის ბევრი   დაფარული მოვლენა სააშკარაოზე გამოიტანა და საქართველოს ისტორიის უბადლო მემატიანის სახელი   სრულიად დამსახურებულად დაიმკვიდრა. მან თავისი უაღრესად ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობით   ერის წარსულსა და თანამედროვეობას ფართოდ გაუკვალა მომავლის გზა, რითაც მას საქართველოს   ისტორიის ჭეშმარიტი მეციხოვნის სახელიც მიენიჭა (ილია II).

 აკად. როინ მეტრეველი ინტენსიურად იკვლევდა და იკვლევს საქართველოს შუა საუკუნეების, ახალი და   უახლესი ისტორიის საკვანძო პრობლემებს, რასაც  მრავალი მონოგრაფია და ასეულობით სამეცნიერო   სტატია მიუძღვნა.

 მის კალამს ეკუთვნის ნაშრომები: „შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში“,   „დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში (V-XII სს), გლახაკები“, „ივანე   ჯავახიშვილი და თბილისის უნივერსიტეტი“, „ისტორიზმი ქართველი მწერლების შემოქმედებაში,“   „დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი,“ „საქართველო რუსთაველის ეპოქაში“ და სხვ.

აღნიშნულთან ერთად, აკად. რ. მეტრეველის ფართო ინტერესთა სფეროშია კავკასიური ცივილიზაციისა და გლობალიზაციის, ასევე საქართველოს დიპლომატიური ისტორიის აქტუალური პრობლემები.

ამასთანავე, იგი საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორია. მთლიანობაში აკად. რ. მეტრეველის კალამს ეკუთვნის 300-ზე მეტი მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომი. მისივე ხელდასხმით გამოიცა ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს მისი უდიდესი ღვაწლი საქართველოს მრავალტომიანი ენციკლოპედიის  გამოცემაში.

ხაზგასასმელი და საინტერესოა, რომ აკად. რ. მეტრეველი დღესაც ახალგაზრდული შემართებითა და მხნეობით განაგრძობს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა სფეროს გამდიდრებას ახალ-ახალი გამოკვლევებით. ინტერესმოკლებული არ არის ის გარემოებაც, რომ მისი ნაშრომების გარკვეულ ნაწილში გამოკვეთილია მეცნიერებისა და მართლმადიდებლური რელიგიის (ანუ სულიერების) ურთიერთკავშირი და განპირობებულობა. ამის უდავო დასტურია თუნდაც ის, რომ მისი თაოსნობითა და ხელშეწყობით ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეზოში აიგო წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი.

რაც შეეხება სტუდენტი-ახალგაზრდობის განათლებას - მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში მუდამ იყო აკად. რ. მეტრეველის ინტერესთა სფეროში, რაც გამოიკვეთა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად მუშაობისას, მაგრამ თავის აპოგეას მიაღწია თბილისის დედა-უნივერსიტეტის რექტორად ხანგრძლივად მოღვაწეობის პერიოდში. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სავსებით მართებული გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, როდესაც ქვეყნის არსებობაში დიადი გარდატეხის ჟამსა და ურთულეს პოლიტიკურ სიტუაციაში რექტორობა ანდო ცნობილ მეცნიერსა და გამოცდილ ხელმძღვანელს, ზომიერ პოლიტიკოსსა და სამშობლოს დიდ პატრიოტს, რომელმაც უმაღლესი განათლების ბრწყინვალე ორგანიზატორის ნიჭი სრულად სწორედ აქ გამოავლინა.

უწინარესად, მან ერის იმედი და საამაყო უნივერსიტეტი დაიცვა „ვითარცა დიდმა მეციხოვნემ“, როცა მას ქვეყნისა და ერის სხვადასხვა ჯურის შენიღბული თუ აშკარა მტრები ყოველგვარი მეთოდით უტევდნენ, რათა საბოლოოდ მოესრათ ქართული ეროვნული სულიერების ხელთუქმნელი სიბრძნის ტაძარი. დიახ, ახალი რექტორის ბრძნული ხელმძღვანელობით არათუ ჩაკვდა სასწავლო და სამეცნიერო პროცესები, არამედ, სულ მოკლე პერიოდში ახალ საფეხურზე ავიდა, რასაც საფუძვლად დაედო ეფექტიანად განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. შეიქმნა უნივერსიტეტის 200-კაციანი დიდი სამეცნიერო საბჭო, რომელიც ფართო დემოკრატიის პრინციპებით წარმართავდა საუნივერსიტეტო საქმიანობას.  თსუ-მ 1994 წ. აღიდგინა ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი, იმავე წელს დიდმა სამეცნიერო საბჭომ მიიღო „საუნივერსიტეტო განათლების კონცეფცია“, რის საფუძველზეც უნივერსიტეტი გადავიდა ჯერ ორსაფეხურიან, ხოლო მერე სამსაფეხურიან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლებაზე. იმავე პერიოდში უნივერსიტეტში შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, სამეცნიერო ცენტრები, ახალი კათედრები, გაიზარდა სპეციალობათა რაოდენობა.

ყოველივე ამის საფუძველზე, თსუ წარმოჩინდა როგორც თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ღირსეულად ჩადგა მხოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებს  შორის, გაძლიერდა კავშირები უცხოეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან და ა.შ.

აკად. როინ მეტრეველის რექტორობის პერიოდში თსუ-მ სასწავლო თუ სამეცნიერო სფეროში მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა, რითაც აკად. როინ მეტრეველი ღირსეულ რექტორთა სიაში მყარად იკავებს ადგილს.

1993 წლიდან დღემდე, აკად. როინ მეტრეველი მოღვაწეობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში  ჯერ აკადემიკოს-მდივნის, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, სადაც მან თავი გამოიჩინა როგორც სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის შეუდარებელმა ორგანიზატორმა. იგი ქვეყნის განვითარების ბევრ მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით არაერთი მასშტაბური სამეცნიერო პროექტის ინიციატორი და შემქმნელია და დღესაც ინტენსიურადაა ჩაბმული სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ღირშესანიშნავია ისიც, რომ აკად. როინ მეტრეველის, როგორც პარლამენტის წევრის ხელმოწერა ამშვენებს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

საამაყოა, მაგრამ სიმრავლის გამო, ძნელია ჩამოთვალო სამეცნიერო ცენტრები თუ უნივერსიტეტები, სადაც იუბილარი არჩეულია საპატიო თუ ნამდვილ წევრად, ასევე ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბის ჯილდოები, რაც მას უხვად გააჩნია.

დაბოლოს, სიამაყით გვინდა დავაფიქსიროთ ის უდავო ჭეშმარიტება, რომ აკად. როინ მეტრეველი სრულიად დამსახურებულად იკავებს საპატიო ადგილს ყველა დროის ქართველ მეცნიერთა და საზოგადოებრივ მოღვაწეთა შორის, ასევე მსოფლიო მასშტაბითაც, სადაც  მას დიდი აღიარება აქვს მოპოვებული.

დიდად სასიხარულოა, რომ 80 წლის იუბილარი დღესაც ფიზიკური და სულიერი ენერგიითაა სავსე და უწინდებური ენთუზიაზმით ავსებს ახალ-ახალ ფოლიანტებს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის წონადი შედეგებით.

აკად. ვლადიმერ პაპავა

აკად. ავთანდილ სილაგაძე

პროფ. გიორგი ღაღანიძე

პროფ. თეიმურაზ ბერიძე

პროფ. რევაზ გოგოხია

პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილი

პროფ. ნუგზარ პაიჭაძე